Cart

Cart

მაგნოლია ფილმ ლაბის ინტერვიუ დიანა ცერცვაძესთან – გოგონა ამერიკიდან

დიანა ცერცვაძე

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით დიანა ცერცვაძის შესახებ, გოგონაზე, რომელმაც ამერიკა განსხვავებულად დაგვანახა. თბილისიდან გადასვლის შემდეგ სისტემატიურად დებდა სოციალურ ქსელებში ფირით გადაღებულ ფოტოებს, რომელიც მეგაპოლისის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდა. ჩვენი აზრით დიანამ მოახერხა თავისი ფოტოგრაფიით, გადმოეცა პირველი დღეებიდან მოყოლებული უცხო ქალაქში ყოფნის განცდა, როგორ გადაიქცა ნაცნობ სახლად.

დიანა ცერჩვაძე
  • დიანა, გამარჯობა, შენზე გვიამბე, როდის წახვედი საქართველოდან?
    სალამი, მე ვარ დიანა, მოყვარული ფირფოტოგრაფი. აგერ უკვე მეოთხე წელია, რაც სამშობლოდან ერთი დიდი კონტინენტის და კიდევ უფრო დიდი ოკეანის გადაღმა ამერიკაში ვცხოვრობ.
    როგორი იყო გამგზავრება და როგორია ნიუ იორკი?
    — თავიდან საკმაოდ რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება, არ არის მარტივი მთელი 22-წლიანი გამოცდილებების და მოგონებების ზურგსუკან მოტოვება და სულ ახალ რეალობაში საკუთარი ყოფის თავიდან დაწყება. ნიუ-იორკში ჩამოსვლიდან პირველ ხანებში იშვიათად მქონია რამეზე კულტურული შოკი, თითქოს ყვეალფერი შორიდან ნანახი მქონდა ჰოლივუდირ ფილმებში; ქუჩები, მაღაზიები, კაფეები, ადამიანები, მეტრო, ოჯახური შეკრებებიც კი მადლიერების დღეს ზუსტად ისეთია, როგორსაც ფილმებში აჩვენებენ ხოლმე. თუმცა, რაც მეტი დრო გადის თითქოს მით უფრო ვამჩნევ განსხვავებებს გარემოში და ცვილილებებს საკუთარ თავში. ალბათ, წარმოუდგენელია ახალ ქალაქში მარტო გადასახლდე, მითუმეტეს ისეთ მრავალფეროვან ქალაქში, როგორიც ნიუ-იორკია, და არ შეიცვალო. აქ არავინ გიცნობს, ქუჩაში ნაცნობები არ გხვდებიან, არავის ედარდება რა გაცვია, როგორ ლაპარაკობ, რამდენი ტატუ გაქვს და თმა რა ფრად შეიღებე, ყველა იმდენად დაკავებულია, რომ სხვისი ცხოვრების განსახილველი დრო აღარავის რჩება. ამიტომ შეგიძლია იყო ის, ვინდც მართლა ხარ ან სულ გინდოდა რომ ყოფილიყავი.
დიანა ცერცვაძე
დიანა ცერცვაძე


საოცარი ქალაქია, ნიუ-იორკი, თითქოს აქაურობის სიყვარული მისი სიძულვილის გარეშე არ არსებობს. თან გიყვარს ეს დაუსრულებელი ფუსფუსი, ცხოვრების სწრაფი რიტმი, მრავალფეროვანი გართობის შესაძლებლობა… თუმცა, სულ გადარბენაზე ცხოვრება დამღლელია, გარშემო 8 მილიონი კაცის ორომტრიალი ენერგიას გაცლის, ინდუსტრიული ხმაური არასდროს ყუჩდება და, მგონია, მუდმივად ასეთ გარემოში ცხოვრებისთვის არ არის ადამიანი გაჩენილი. ამიტომაც გავრბივარ ხოლმე აქაურობიდან, ფრენებს ვნახულობ, ყველაზე ხელსაყრელ ბილეთს ვჯავშნი წინასწარი ჯაბაასის გარეშე, ჩემს ფირის კამერას ვიღებ და ვემზადები სიახლის მისაღებად. სამწუხაროდ, მანქანა არ მყავს და არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ამ უშველებელ ქვეყანაში შტატიდან შტატში ავტომობილით ვიმოგზაურო. თუმცა, ამერიკული დიდი „ოდისეის“ დროც მოვა, მჯერა მაგის.

დიანა ცერცვაძე
დიანა ცერცვაძე
  • რამდენად რთულია ადაპტაცია ახალ გარემოსთან, რა პლიუსები აქვს ახალ გარემოში ცხოვრებას და რა მინუსები, ამ გამოწვევებზე რომ მოგვიყვე?
    – ადაპტაციის თვალსაზრისით ჩემთვის ყველაზე რთული მეგობრების გარეშე ცხოვრება იყო. პირველი წელი თითქმის ისე გავიდა, რომ ვერავისთან დავმეგობრდი და მეტ-ნაკლებად დრო მარტოობაში გავატარე, თუმცა განმარტოებით ცხოვრება ბევრ რამეს გძენს ადამიანს და მაგისთვისაც მადლობელი ვარ. საბედნიეროდ, ახლა რამდენიმე მეგობარი შევიძინე, რამდენიმეც საქართველოდან ჩამოვიდა და თავს ბევრად უფრო სახლში ვგრძნობ, ვიდრე მანამდე ვგრძნობდი. თუმცა, სახლი მაინც საქართველოა და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ემიგრაციაში, რამდენი მოგონებაც არ უნდა დააგროვო დიდობაში, ბავშვობის ტკბილ სენტიმენტებს ვერსად გაექცევი. ჩამოსვლის დღიდან ორი წელი უსაშველოდ ბევრ საათს ვმუშაობდი, რომ სწავლისთვის ფული დამეგროვებინა, გასულ წელს გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე და ახლა ჯუნიორ დიზაინერად ვმუშაობ ერთ-ერთ ფირმაში. ვფიქრობდი, ფოტოგრაფია ხომ არ მესწავლა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მირჩევნია კამერის ჩხაკუნი ჰობად დავიტოვო. ნამდვილად ბედნიერია ის ადამიანი, ვინც საკუთარ ჰობს პროფესიად აქცევს, მაგრამ ფირით გადაღება ჩემთვის თერაპიაა. სულმოუთქმელად ველი ხოლმე შაბათ-კვირის დადგომას, რომ კამერა ავიღო, ქუჩაში გავიდე და კადრები დავიჭირო. პროცესი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ ფოტოებს გამოვიტან ლაბორატორიიდან. პროფესიონალურთან ოდნავ მიახლოებულიც კი არ არის ჩემი სურათები, მაგრამ მიზანი სულ სხვა რამეა. აი, ვივიენ მეიერს ესმოდა, ალბათ, ეს ყველაზე კარგად. ისე გარდაიცვალა, თავისი ფირების უმეტესობა გაუმჟღავნებელი დატოვა, რადგან მთავარი ის შეგრძნებაა, როცა გგონია, რომ სამყაროში რაღაც საინტერესოს მიაგენი, ჩაიმუხლე, კამერა გაასწორე და კადრი გააჩხაკუნე. ამიტომ გადავიხარე გრაფიკული დიზაინისკენ და გადავწყვიტე კარეირა ამ სფეროში ამეწყო. თუმცა, სწავლა არასდროსაა დაგვიანებული და ვინ იცის, ეგებ, ფოტოგრაფიის პროფესიონალურად შესწავლითაც დავინტერესდე ოდესმე.
დიანა ცერცვაძე
დიანა ცერცვაძე

ადრე თბილისში ორი ავსტრალიელი მოგზაური გავიცანი, იქედან ერთ-ერთი ფირით იყო გატაცებული და მეც დამაინტერესა ფირფოტოგრაფიამ. მეგობრემა ჩემი ინტერესი რომ შენიშნეს დაბადების დღეზე უმშვენიერესი პენტაქსი მაჩუქეს და აგერ უკვე 4 წელია ხელიდან არ გამიგდია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მავიწყდება ფირზე რა სურათები აღვბეჭდე. გამჟღავნებულ კადრებს რომ ვუყურებ მომენტალური გაოგნების და გაუცხოების მომენტები მაქვს. თითქოს, ჩემივე ფოტოებით ვცდილობ საკუთარ თავს გავუგო და ამოვხსნა თუ რატომ გადავიღე ის, რაც გადავიღე, იმ მომენტში რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი… ასე რომ, ფირის-ფოტოგრაფია ჩემთვის თვითგაცნობის საშუალებაცაა. ამასწინათ ვფიქრობდი, ნეტაი, ამნეზია რომ დამემართოს ჩემი ფოტოების შემხედვარე თუ შევძლებ, მივხვდე ვინ ვარ-მეთქი და, ალბათ, შევძლებ. სულ მინიმუმ იმას მაინც გავიგებ, სამყაროში ვიზუალურად რა მიზიდავს, რა მაინტერესებს. ამ ეტაპზე ჩემთვის ქუჩის და დოკუმენტალისტიკური ფოტოგრაფია ყველაზე საინტერესოა. ისედაც ყოველთვის მიყვარდა მოგზაურობა და ფირის კამერით მოგზაურობას კიდევ სულ სხვა ხიბლი აქვს. ამერიკა ამ ამბისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან უსაშველოდ დიდია და შეგიძლია წლები დაყო აქ მოგზაურობაში. ლანდშაფტიც ძალიან განსხვავებული და ლამაზია. ხალხიც სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული. აგერ უკვე სამი წელი გავიდა, რაც ამერიკაში ვარ და ამ ქვეყნის 10%-იც კი არ მაქვს ნანახი, მაგრამ რაც ვნახე ყველაფერმა აღმაფრთოვანა. ჩემი დიდი სურვილია, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ყველა შტატი მოვიარო და უამრავი ფოტო გადავიღო. წარმოუდგენლად ბევრი შთაბეჭდილების მოცემა შეუძლია ამ ქვეყანას და სისულელე იქნება ამ შანსის ხელიდან გაშვება.


დიანა ცერცვაძე
დიანა ცერცვაძე

იდევ ერთი გეგმა, რაც ამერიკას უკავშირდება არის პატარა დოკუმენტალური ფოტო-სერია, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მსურს, მაგრამ პანდემიამ საკმაოდ დამაბრკოლა. მინდა, აქ მცხოვრბი ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრება აღვწერო, განსაკუთრებით კი მათი, ვინც მოხუცებთან ცხოვრობენ. იმედია, ოდესმე ამ სერას შევკრავ. ფირმა, თითქოს, სამყაროსეული ჩემი აღქმა სრულიად შეცვალა. როცა ციფრული აპარატით თუ ტელეფონით იღებ ფოტოებს, შეგიძლია 5-10 კადრი გადაუღო ერთ რამეს, მერე სახლში დაჯდე და საუკეთესო ამოარჩიო. ფირით შეზღუდული ხარ იმაში, თუ რისი აღბეჭდვა გინდა, შესაბამისად უფრო ფრთხილად და მოზომილად არჩევ რას გადაუღო და სანამ ღილაკს ხელს დააჭერ, ბევრად უფრო დიდი ხანი ფიქრობ კადრის დაბალანსებაზე. რაღაც ეტაპზე აღმოვაჩნე, რომ თითქოს სამყაროს აღქმა კადრებად დავიწყე, კამერა შეიძლება სულ არ მეჭიროს ხელში, მაგრამ ჩემთვის რამე საინტერესოს თუ შევნიშნავ ხოლმე, ვჩერდები, რამდენიმე წამი ვუყურებ და სურათად ვიმახსოვრებ გონებაში. უამრავი ქუჩის კუთხე, მზის სხივი, ადამიანების მიხვრა-მოხვრა მაქვს ასე გონებაში დამახსოვრებული. ორად ორი ოქროს წესი მაქვს როცა საქმე ფირის ფოტოგრაფიას ეხება. ერთი, რომ თუ ობიექტივში გახედვისას კადრი ისეთი არ გამოდის, როგორიც რეალურ ცხოვრებაშია, აპარატს ვიხსნი და კადრს არ ვფლანგავ და მეორე – არასდროს ვამუშავებ ფირის ფოტოებს. თითქოს ვცდილობ, მაქსიმალურად შევინარჩუნო ავთენტური კადრები და არაფერი შევალამაზო. ასე უფრო პირწმინდა ვარ ფირთან და საკუთარ თავთანაც, მგონია.

დიანა ცერცვაძე
დიანა ცერცვაძე

მადლობას ვუხდით დიანა ცერცვაძეს ასეთი სიანტერესო ამბისა და გამოცდილების მოყოლისთვის. იმედს ვიტოვებთ კვლავ გვექნება საშუალება გაგიზიაროთ მისი ფოტოები მომავალი მოგზაურობებიდან.

3 ფოტოგრაფი, რომლებსაც ნამდვილად უნდა ადევნოთ თვალი 2021 წელს.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ფირის საზოგადოება სავსეა უნიჭიერესი და პროფესიონალი ფოტოგრაფებით. ეს ის ხალხია, რომელიც მუდამ მზადაა ახალი აღმოჩენებისა და განვითარებისთვის. ყოველდღიურად ლაბში უამრავი ფოტოგრაფის ნამუშევრებს ვხედავთ, რის გამოც რთულია ვერ შეამჩნიო თუ როგორ იხვეწება თითოეული მათგანი ყოველი ახალი ფირის გადაღებისას. These are the 3 up and coming film photographers you need […]

ფირთან დაკავშირებული 8 გავრცელებული პრობლემა და მათი თავიდან არიდების გზები.

იწერთ თქვენი ფირის სკანებს, ათვალიერებთ ფოტოებს და უცებ ამჩნევთ, რომ მათ რაღაც უცნაური სჭირთ. ალბათ ეს არც თქვენთვისაა უცხო, თუმცა, არ იდარდოთ- ასეთი იმედგაცრუება ყოველ ჩვენგანს გამოუვლია, განსაკუთრებით კი ფირის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ნუ შემოდებთ თქვენს კამერებს თაროებზე და მოგვეცით შანსი დაგეხმაროთ ამ შესაძლო პრობლემების თავიდან არიდებაში. ამ ბლოგში ჩვენ ვისაუბრებთ 8 ყველაზე გავრცელებულ […]

ინტერვიუ George Van De Kamp-თან

თუკი ჩვენს Instagram & Facebook გვერდებს ან ფირის ფოტოგრაფიის ჯგუფს თვალს ადევნებთ, უთუოდ შეამჩნევდით ფირის დიდი ოჯახის ახალ წევრს. იგი სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა ჩვენს თემს, თუმცა, თავისი გამორჩეული სტილითა და კრეატიული ფოტოსესიებით პირველივე დღიდან მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ფოტოები მისი პირველი ფირიდან ჩვენი ლაბის ნამდვილი აღმოჩენა გახდა და მას მერეც, George Van De Kamp […]

Light Metering

Push & Pull – რა გვჭირდება ვიცოდეთ

Everything you need to know about pushing your film to the limits.

No Replies on

მაგნოლია ფილმ ლაბის ინტერვიუ დიანა ცერცვაძესთან – გოგონა ამერიკიდან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *