Cart

Cart

ფირთან დაკავშირებული 8 გავრცელებული პრობლემა და მათი თავიდან არიდების გზები.

იწერთ თქვენი ფირის სკანებს, ათვალიერებთ ფოტოებს და უცებ ამჩნევთ, რომ მათ რაღაც უცნაური სჭირთ. ალბათ ეს არც თქვენთვისაა უცხო, თუმცა, არ იდარდოთ- ასეთი იმედგაცრუება ყოველ ჩვენგანს გამოუვლია, განსაკუთრებით კი ფირის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ნუ შემოდებთ თქვენს კამერებს თაროებზე და მოგვეცით შანსი დაგეხმაროთ ამ შესაძლო პრობლემების თავიდან არიდებაში.

ამ ბლოგში ჩვენ ვისაუბრებთ 8 ყველაზე გავრცელებულ არასასიამოვნო ფაქტორზე, რომელიც ფირით გადაღებასთანაა დაკავშირებული, გაგაცნობთ მათი წარმოშობის მიზეზებს და გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ აირიდოთ ისინი თავიდან.

გარდა ამისა, მსგავსი პრობლემების აღმოჩენისას, ჩვენ აუციებლად დავურთავთ ინფორმაციას ამის შესახებ თქვენთან გამოგზავნილ სკანების მეილს და გაცნობებთ მათ მიზეზს.

1. კამერაში შეპარული სინათლე
© ნიკა სომხიშვილი

კამერაში შეღწეული სინათლე ფოტოებზე აისახება წითელ, სტაფილოსფერ, თეთრ ან ყვითელ ლაქებად. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ერთი შეხედვით არასასიამოვნო მოვლენა უამრავი ფოტოგრაფის საყვარელი რამაა. თუმცა, ხშირად ეს ლაქები დაუგეგმავად, არასასურველ ადგილას ჩნდება, მთელ კადრს აფუჭებს და ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ მოვიცილოთ თავიდან ეს “დაუპატიჟებელი სტუმარი”.

მიზეზი: სინათლის ლაქებს რამდენიმე ფაქტორი იწვევს, თუმცა, მათგან ყველაზე გავრცელებული მიზეზი შემთხვევით (ან გამიზნულად, თუკი თქვენც მათი მოყვარული ხართ) კამერის უკანა ნაწილის გახსნა ან კამერაში დარღვეული ჰერმეტიზაციაა.


რჩევა: არასდროს გახსნათ კამერა, თუკი მასში ფირი დევს და დარწმუნდით, რომ ქაფი (foam seals- რომელიც კამრის უკანა ნაწილს შიგნიდან აკრავს და ფირს სინათლის შეღწევისგან იცავს) არაა დაზიანებული. დროთა განმავლობაში ეს რბილი ბალიშები ზიანდება, ხდება ფხვიერი და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. არ ინერვიულოთ, ეს კამერისთვის სასიკვდილო განაჩენი ნამდვილად არაა. მათი შეცვლა და განახლება
ყოველთვის შეგიძლიათ.

ასე გამოიყურება სინათლის ლაქები ფირზე

2. ცარიელი კადრები / ფირი

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ასეთ კადრებს ნამდვილად არ ჰყავს მოყვარულები, რადგან მათზე არანაირი გამოსახულება არ არის. ფირის ფოტოგრაფებისთვის ცარიელი ფირი/კადრები ყველაზე დიდი ტკივილია. ამ ორი პრობლემის წარმოშობის მიზეზები განსხვავდება.

მიზეზი: ცარიელი ფირის მიზეზი კამერაში ცუდად მოთავსებული ფირი ან კამერის გაუმართავი მექანიზმია. თუკი ფირი არასწორადაა დაკავშირებული “გადასაქაჩ” მექანიზმთან, ბერკეტის (Lever) გადაწევისას ფირი იმავე ადგილას რჩება და ახალი კადრის გადაღების საშუალებას არ გვაძლევს. შედეგად თქვენ სრულიად ახალ, გამოუყენებელ ფირს ამჟღავნებთ, რომელიც ბუნებრივია, ცარიელი იქნება. ასევე საკმაოდ გავრცელებული მიზეზია უკან ჩაუხვეველი ფირის არსებობის შემთხვევაში კამერის უნებლიედ გახსნა, რის დროსაც ფირი შუქდება და ზედ არსებული გამოსახულებები სრულად ქრება.

რამდენიმე ცარიელი კადრი გაცილებით მცირე პრობლემაა. ამის მიზეზი, როგორც წესი, მათი სიბნელეში გადაღებაა, რის დროსაც კადრზე გამოსახულების ასახვისთვის საკმარისი შუქი არ ხვდება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ჩამკეტის (Shutter) გახსნის გარეშე გადაღება. ზოგ კამერაში მისი გაუმართაობის გამო ჩამკეტი პერიოდულად არ იხსნება და კადრი არ შუქდება. ასეთ დროს ჩვენი რჩევაა მიმართოთ სპეციალისტს და შეაკეთოთ იგი.

რჩევა: წესი N1- არასდროს გახსნათ კამერა, თუკი მასში ჩაუხვეველი ფირი დევს. ასევე დარწმუნდით, რომ ფირს კამერაში მისი მოდელის შესაბამისად ათავსებთ. ყველა კამერაში ფირის მოთავსება სპეციფიკური და განსხვავებული პროცესია. თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ კამერაში ფირს სწორად დებთ, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეო ინსტრუქციებს ან უბრალოდ მოგვმართოთ დახმარებისთვის. ჩვენ სიხარულით გასწავლით ფირის სწორად მოთავსებასა და ამოღებად.

3. ჩაბნელებული კადრები

ასეთი კადრები ბევრისათვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. რთულია არ დარჩე იმედგაცრუებული, როდესაც დიდხანს ნანატრ ფოტოებს ხსნი, ისინი კი ჩაბნელებული, გაცრეცილი და გრეინით გადატვირთულია. ასეთ კადრებს როგორც წესი დაბალი კონტრასტიც ახასიათებთ. ზოგ შემთხვევაში ჩაბნელება კადრს თავისებურად ლამაზ ეფექტს ანიჭებს და ვინტაჟურობას მატებს (ამის კარგი მაგალითია ფოტო, რომელიც ამ აბზაცს ქვემოთ დავურთეთ). თუმცა, თუ ასეთი კადრები ნამდვილდ არ არის თქვენი საყვარელი რამ, ვეცდებით რამდენიმე კარგი რჩევა მოგცეთ.

© ირაკლი გაბელაია

მიზეზი: არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩაბნელებულ ფოტოებს ვიღებთ. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია გარემოსთვის შეუსაბამო ფირის არჩევა (მაგალითად, Kodak Ektar 100-ით შენობაში ან დაბალი განათების პირობებში გადაღება). მეორე მიზეზი შეიძლება ვადაგასული ფირი იყოს, რომელიც იმაზე დაბალი ISO-თი უნდა გადაიღოთ, ვიდრე მასზეა მითითებული. სამწუხაროდ, ზოგს ეს დეტალი ავიწყდება (ან უბრალო არ იცის), რის შედეგადაც ჩაბნელებულ ფოტოებს იღებს. არსებულ მიზეზთაგან ყველაზე სერიოზული და პრობლემური კამერის დაზიანებული შუქმზომია. ასეთ შემთხვევაში კამერა “გვატყუებს” და არასწორ პარამეტრებს “გვკარნახობს”.

ჩაბნელებული კადრები ფირზე

რჩევა: დარწმუნდით, რომ კამერაზე ყოველთვის ფირის შესაბამის ISO-ს აყენებთ (Box Speed), თუკი გამიზნულად არ მიმართავთ Push ან Pull ტექნიკას. ყოველთვის აირჩიეთ გარემოსთვის შესაფერისი ფირი. რაც შეეხება შუქმზომს, მისი სიზუსტე შეგიძლიათ გამართულ შუქმზომთან შედარებით დაადგინოთ. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი გირჩევთ შეაკეთოთ იგი ან გამოიყენოთ ცალკეული მოწყობილობა “Lightmeter”-ი, რომელიც შუქს ზომავს.

4. გადანათებული კადრები

ჩაბნელებისგან განსხვავებით, ფირის “შემთხვევით” გადანათება ბევრად უფრო რთულია. ფერადი და შავ-თეთრი ფირები უმეტესობა, მარტივად რომ ვთქვათ, შთანთქავს ზედმეტ სინათლეს, რითაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ იდეალური ექსპოზიცია კადრების რამდენიმე საფეხურით გადანათების შემთხვევაშიც კი. თუმცა, ზოგჯერ მაინც ხდება ისე, რომ შედეგად გადანათებულ ფოტოებს ვიღებთ დაბალი კონტრასტითა და ნაკლები სიმკვეთრით. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში და რა არის ამის მიზეზი?

მიზეზი: კადრის გადანათების მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც არასწორად მითითებული ISO, ისე გაუმართავი შუქმზომი ან გარემოსთვის ნაკლებად შესაფერისი ფირით გადაღება (როგორც წინა შემთხვევაში).

რჩევა: ფრთხილად იყავით, როდესაც კამერაზე ISO-ს ცვლით და დარწმუნით, რომ იგი ფირზე მითითებულ რიცხვს ემთხვევა. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ სლაიდების (E6, იგივე პოზიტიური ფირი) მიმართ, რადგან ასეთი ფირის ერთი სტოპით გადანათებამაც კი, შესაძლოა მთელი კადრი გაანადგუროს. სწორად შეარჩიეთ ამინდი- შუაგულ მზეზე გადაღება (თუკი კონკრეტული მიზანი არ გაქვთ) საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის. ყოველთვის უმჯობესია გადაიღოთ ისეთ პირობებში, როდესაც მზე ნაწილობრივ ღრუბლებშია, ან შედარებით გადასულია.

ჩაბნელებული კარების მსგავსად, მიზეზი აქაც შეიძლება იყოს გაუართავი შუქმზომი ან არასწორად შერჩეული ფირი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენთვის იდეალური ფირის არჩევაში.

ვფიქრობთ, Over/Unuderexposed კადრების თავიდან აცილებაში ჩვენი წინა ბლოგიც ძალიან დაგეხმარებათ. აუცილებლად გაეცანით მას! 🤍

5. გადაფარული კადრი (Frame overlap)

ფირით გადაღების პროცესში სავსებით მოსალოდნელია, რომ სკანებში გადაცდენილი კადრები აღმოაჩინოთ. ასეთი კადრების რაღაც ნაწილზე შეუსაბამო გამოსახულებაა, რომელიც მთლიან ფოტოსთან შედარებით მკრთალია. ეს იძულებულს გვხდის სურათი “მოვჭრათ”, რის შედეგადაც ირღვევა მისი ბუნებრივი ზომები და იკარგება გამოსახულების ხშირად მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, არა?

© ალექსანდრე ნოზაძე

მიზეზი: მიზეზი წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც შეიძლება იყოს მექანიზმი, რომელიც ფირს არასწორი მანძილით გადააადგილებს. თუმცა, ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი წინა კადრზე ორმაგი ექსპოზიციის გადაღებაა, რაც საშუალებას არ აძლევს შემდეგ კადრს საკმარისად შორს გადაიწიოს.

რჩევა: თუკი გადაცდენილ კადრებს მხოლოდ ორმაგი ექსპოზიციის შედეგად იღებთ, ეს სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. თუკი ეს სისტემატურად და გაუმიზნავად ხდება, ასეთ შემთხვევაში მიზეზი მხოლოდ კამერის გაუმართაობაა. გარკვეული კამერები (მაგალითად- Pentacon Six TL) მიდრეკილია კადრების ერთმანეთზე გადადებისაკენ. ასეთ კამერებში მექანიზმის შეკეთება/შეცვლა ხშირად თავად კამერაზე ძვირია, ამიტომ ჩვენი რჩევაა მოერიდოთ მსგავსი კამერების შეძენას.

6. ნახევრად “დამწვარი” კადრები
© ირაკლი აფშინაშვილი

თუ თქვენ ფირის ფოტოგრაფიის მოყვარული ხართ, აუცილებლად შეხვდებოდით ნახევრად “დამწვარ” კადრებს. ეს, როგორც წესი, ეხება ფირის პირველ ან ბოლო კადრებს, რომლებზეც ემულსია იწყება/მთავრდება მის შუა ნაწილზე. ასეთი ფოტოების ნაწილი თეთრია, შედარებით იშვიათად კი წითელი/სტაფილოსფერი/ყვითელი. უამრავი ფოტოგრაფისთვის იგი არა პრობლემა, არამედ დამატებითი ეფექტია, რომელიც ფოტოს თავისებურ ხიბლს ანიჭებს. ინსტაგრამზე ნახევრად “დამწვარი” კადრების მოყვარულთა საზოგადოებაც კი არის, რომლებიც სწორედ ასეთ კადრებს გვიზიარებენ.

7. ჩამკეტის პრობლემა

რატომ აქვს ჩემი ფირის ფოტოებს გარკვეული ნაწილი ჩაბნელებული? – დიდი ალბათობით ეს კითხვა თქვენც გაგჩენიათ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზია.

მიზეზი: ამ არასასიამოვნო პრობლემას მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზი აქვს და იგი პირდაპირაა დაკავშირებული კამერის მექანიზმთან. გადაღებისას კამერის ჩამკეტი (Shutter) იჭედება ან ნელდება, რის გამოც კადრის ნაწილი დაუსხივებელი რჩება და შედეგად მის ადგილას შავი ლაქა ჩნდება.

რჩევა: ამ შემთხვევაში მხოლოდ კამერის შეკეთება ან შეცვლა შეგვიძლია გირჩიოთ.

8. ვადაგასული ფირი

ვადაგასული ფირით გადაღება ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე. კარგ შემთხვევაში თქვენი ფოტოები იდეალური იქნება (ზოგჯერ ახალ ფირზე უკეთესიც კი), ცუდ შემთხვევაში კი, ნამდვილად იმედგაცრუებულნი დარჩებით. ასეთი ფირები ყოველთვის ვინტაჟურ ეფექტსა და ლამაზ ფერებს არ გვაძლევს. დიდია იმის შანსი, რომ ამის მოლოდინში მყოფმა, სანაცვლოდ ჩაბნელებული ფოტოები მიიღოთ უცნაური ფერებითა და დაბალი სიმკვეთრით.

© ცირა კობეშავიძე

მიზეზი: დროთა განმავლობაში ფირი სინათლისადმი მგრძნობელობას კარგავს და თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს. ასევე ნეგატიურად აისახება ფირზე მისი შენახვა ცუდ პირობებში (ცხელი და ნესტიანი ადგილის ფირის პირველი მტერია). ეცადეთ, რომ ფირები ყოველთვის გრილ და მშრალ ადგილას მოათავსოთ, თუკი მათ შენახვას დიდი ხნით აპირებთ. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა მათი შენახვა მაცივარში.

რჩევა: თუკი ექსპერიმენტების მოყვარული ხართ და ვადაგასული ფირით გადაღება გადაწყვიტეთ, აუცილებლად შეამოწმეთ მისი ვადა. გაითვალისწინეთ, რომ ვადის გასვლიდან ყოველ 10 წელზე ფირი 1 სტოპით უნდა გადაანათოთ (overexpose by one stop). წარმატების გარანტიას არც ეს ხერხი გვაძლევს, თუმცა, იგი ძალიან დაგეხმარებათ გაფუჭებული კადრების თავიდან აცილებაში.

ეს ის 8 საკითხი იყო, რომლებსაც ფირით გადაღების პროცესში ყველაზე ხშირად ვაწყდებით. თუკი ისეთი პრობლემაც გქონიათ, რომელიც ბლოგში არ არის აღნიშნული, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ჩვენს ინსტაგრამსა ან ფეისბუქზე და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით თქვენ დახმარებას.

სიყვარულით – მაგნოლიას გუნდი! 🤍

2 Replies on

ფირთან დაკავშირებული 8 გავრცელებული პრობლემა და მათი თავიდან არიდების გზები.

  • გადაფარული კადრი (Frame overlap) – ზე რჩევას დავამატებდი. თუ არსებობს ეს პრობლემა, ნუ იჩქარებთ კამერის სანაგვეზე გადაგდებას, უბრალოდ ფირის დაჭიმვის (გადამხვევით) ჩვევა შეიმუშავეთ, ყოველი კადრის შემდეგ. <3

    1. Ah that’s an interesting point! I’d suggest never throwing out the camera and fixing small issues like these in general 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *