ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ყოველ ოთხშაბათს, -20% გამჟღავნება/სკანირებაზე

ადგილი რომელიც ნამდვილი და მარადიულია – ინდოეთი ელენე შუღლაძის ფირზე

ინდოეთში მოგზაურობაზე ბევრი საუბრობს, თუმცა თუ იქ როგორც პილიგრიმი ისე მიდიხარ, სრულიად სხვა ინდოეთს ნახულობ. ტურისტული ადგილები საკმაოდ შთამბეჭდავია, უზარმაზარი ტაძრები, მარმარილოს კედლები, უამრავი ხალხი, ცნობილი ინდური კერძები… მაგრამ ოდესმე გისურვიათ ისეთ ინდოეთში
მოხვედრილიყავით, სადაც ვერ გაიგებთ ზუსტად რომელი საუკუნე და რომელი წელია?
სადაც ადამიანები ძალიან უბრალოდ არიან ჩაცმულნი, როგორც ათწლეულების წინ,
შენობები იგივე საღებავით არის შეღებილი, როგორც წინა საუკუნეეში, ხოლო რწმენა
ურყევი და ერთი კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული.
ჩემი ფოტოგრაფიის მიზანი სწორედ ეს იყო, გადმომეცა ფირით ის კადრები,
რომლების სიტყვით აღწერაც ხანდახან შეუძლებელია.

იმ ქალაქს, სადაც ეს კადრებია აღბეჭდილი ვრინდავანი ჰქვია, ის სულ რაღაც 3 საათის
სავალზეა ინდოეთის დედაქალაქიდან. ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, ვინც აქ
მოხვედრილა და ყველაში განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ამ ადგილმა.
ვრინდავანი მნიშვნელოვანი ადგილია ვაიშნავებისთვის, ვიშნუს, ანუ კრიშნას
მიმდევრებისთვის. ჩემი პილიგრიმული მოგზაურობაც ყოველთვის ამ მიზანს
უკავშირდება – მოვხვდე იქ და შევხვდე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ და
შეუძლიათ მოგვცენ იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე ჩვენ გარშემო ყოველდღიურ სამყაროშია.

ვრინდავანში ძალიან უბრალო ხალხი ცხოვრობს, მათ მატერიალური სიმდიდრე
თითქმის არ აქვთ. არ აქვთ ფული და ოქრო, მაგრამ აქვთ ის, რაც ოქროზე ძვირფასია, ეს მათი
ცოდნა, რწმენა და მსახურებაა.
მათი სიმშვიდე და ცოდნა მათსავე თვალებში ჩანს.

ყოველ წელს, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, უამრავი ადამიანი ჩამოდის ვრინდავანში
ყველა კონტინენტიდან და ინდოეთის სხვადასხვა კუთხიდან. ამ პერიოდს კარტიკის
თვეს უწოდებენ და ეს მნიშვნელოვანი პერიოდია პილიგრიმებისთვის მთელი
მსოფლიოდან. ისინი ვრინდავანში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა
მნიშვნელოვან საკრალურ ადგილს ნახულობენ, რომლებთანაც კრიშნას ისტორიებია
დაკავშირებული.

ვრინდავანში ერთხელ მოხვედრის შემდეგ იქ დაბრუნების სურვილი მუდამ თან სდევთ ადამიანებს, ეს იგივეა ილუზიიდან გააღწიო, ნახო სინამდვილე და უკან ილუზიაში დაბრუნებულს მუდამ გახსენდებოდეს, რომ არსებობს ადგილი, რომელიც ნამდვილი და მარადიულია.

ელენე შუღლაძე, 2023 წლის ნოემბერი/დეკემბერი,
ვრინდავანი და გოვარდჰანა, ინდოეთი.

📸 Agfa Silette LK 🎞️ Ilford Hp5

უახლესი სტატიები

#გადაიღე

ყველა სტატია