🎞️ Kodak Portra 400
Olympus mju
ესპანეთში ხუთი წელია ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ წელს შევძელი ეს ულამაზესი კუნძული დამეთვალიერებინა. თამამად ვიტყვი, რომ მსგავსი ემოციები არც ერთ მოგზაურობას დაუტოვებია. სულ სხვა სამყარო დამხვდა, ფერები, რომლებიც აქამდე არასდროს მინახავს – ცის, წყლის, ბალახის, თითოეული ფერი განსხვავებულია.
ფერების სწორად გადმოცემა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გადაღების დროს, სწორედ ამიტომ ვიღებ მხოლოდ ფირით. სხვა ვერაფერი შეედრება იმ ხალისიან ფერებს და გამოსახულების სიღრმეს, რაც ფირზე გადაღებულ ფოტოებზეა. იმედი მაქვს შევძელებ დაგანახოთ მაიორკის ულამაზესი პალიტრა.
პირველივე დღეს მანქანა ვიქირავეთ, რაც ერთადერთი საშუალებაა ამ კუნძულის მთლიანად მოსანახულებლად. ყველა მხარე განსხვავებულია. დასავლეთი გამოირჩევა გზატკეცილით, რომელიც მთელ კუნძულს აუყვება და ყოველ მოსახვევში ახალი ხედი იშლება. გზად გხვდება პატარა სოფლები, ქვისგან ნაკეთი სახლებით, ლიმონის ხეებითა და ვიწრო ქუჩებით, სადაც ყველა კუთხე-კუნჭული გთხოვს რომ ფოტო გადაუღო.
სამხრეთით მდებარეობს პალმა, მაიორკის დედაქალაქი, რომელიც სავსეა სიცოცხლით და შთამბეჭდავი არქიტექტურით. ქალაქი ისეთი მრავალფეროვანია, სულ გავიწყდება რომ კუნძულზე ხარ. გხვდება დიდი მასშტაბის საკათედრო ტაძარი, მოედნები, ბულვარები და მაიორკის ყველაზე დიდი პორტი.
ჩემი საყვარელი მხარე აღმოსავლეთია, სადაც წყალს სულ სხვა ფერი აქვს. ფირუზისფერი წყალი, ოქროსფერი ქვიშა და გამორჩეულად მწვანე ფერის მცენარეები. ყოველი სანაპირო განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთზე ლამაზია, არასოდეს მოგბეზრდება მათი დათვალიერება.
უკიდურეს ჩრდილოეთში მაიორკის ყველაზე მაღალი წერტილია, სადაც შუქურა დგას. შუქურამდე მისასვლელი გზა კლდეებს შორის არის მოქცეული და მგზავრობის პროცესს დაუვიწყარს ხდის. მზის ამოსვლამდე, უყურებ ცისფრად შეღებილ კლდეებს და ხედავ როგორ ნელ-ნელა იმალება მთვარე მათ შორის, საპირისპირო მხარეს კი მზე იწყებს ამოსვლას და ყველაფერი გარშემო ოქროსფრად ნათდება.