“გადაღება 2020 წელს დავიწყე ფირის კამერით. ვინაიდან მანამდე არც ციფრულთან არ მქონდა შეხება, ყველაფრის სწავლა ფირზე მომიწია. იმ ფაქტმა, რომ ფირით დავიწყე ჩემი გზა ფოტოგრაფიაში, განაპირობა უფრო დიდი სიყვარულის გაჩენა ფოტოგრაფიისდამი, რადგან ფირი უბრალო კადრსაც კი 100 ჯერ უფრო ლამაზად წარმოაჩენდა.










ჩემს გადაღებულ ფოტოებს ხშირად ფილმის კადრებს ან ნახატებს ადარებენ და გარკვეულწილად ჩემს სტილად იქცა კიდეც ასეთი ფოტოების გადაღება. ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემთვის კამერა არ არის ხელსაწყო მხოლოდ იმის ამსახველად რასაც ვხედავთ, ყოველთვის ვცდილობ მაგიური და განსხვავებული გავხადო თუნდაც ჩვეულებრივი თვალით მობეზრებული სივრცე. ძალიან მიყვარს კადრის შექმნის პროცესი და ფოტოგრაფიას ვუყურებ, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ დარგს, ამიტომაც არის ფილმების და ნახატების ზეგავლენები ჩემს შემოქმედებაში.







ვფიქრობ, ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, ასეთი კადრების მისაღებად სწორედ რომ ფირია. ბოლო 1 წელია აქტიურად გადავერთე ციფრულ ფოტოგრაფიაზე და მომწონს კიდეც ახალი გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჩემს გონებაში წამოსული საუკეთესო კადრების განსახორციელებლად ისევ ფირის კამერას მივაკითხავ ხოლმე.”